რედაქტორი - შუქია აფრიდონიძე; გამოცემის წელი - 2020; აღწერა - "ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლობა" ~ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნია, რომელშიც მოთხრობილია პოეტის მრავალრიცხოვანი (დაახლოებით, 200) შთამომავლის ცხოვრება-საქმიანობის შესახებ. შთამომავალთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მათ მეხსიერებაში ისტორიული სამშობლო მხოლოდ მამა-პაპათა მოგონებებით არის შემორჩენილი. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც უცხოეთში ცხოვრებას საქართველოში დაბრუნება ამჯობინეს და დღეს აქ მოღვაწეობენ. საქართველოში მცხოვრებ შთამომავალთა შორის, რომელთა წინა თაობების არცერთ წარმომადგენელს სამშობლო არ დაუტოვებია, არის ჩვენი თანამედროვე მერაბ კოკოჩაშვილი, ცნობილი კინორეჟისორი. მასალა პოეტის შთამომავლების შესახებ მოპოვებულია საქართველოს სიძველეთსაცავებში, კერძო არქივებსა და კოლექციებში, გამოჩენილი ადამიანების ეპისტოლეებში, ძველ გამოცემებში, იქნება ეს წიგნები თუ ჟურნალ-გაზეთები, გამოყენებულია, ასევე, შთამომავალთა გამოქვეყნებული თუ ზეპირი მოგონებები. შთამომავლებს შორის არიან: მეცნიერები, მწერლები და მთარგმნელები, მუსიკოსები და კინორეჟისორები, ჟურნალისტები და რადიოკომენტატორები, მხატვრები და მსახიობები, იურისტები და ფილოსოფოსები, ხელოვნებათმცოდნეები და მოჭადრაკეები, სამხედრო ჩინოსნები და სახელმწიფო მოღვაწეები. ისინი გაბნეულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, რუმინეთში, ბესარაბიაში, უკრაინაში, რუსეთში, ჩილეში, ამერიკასა და ავსტრალიაში. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული, ახლავს 200-ზე მეტი ფოტო. ტექსტის განლაგება გვერდებზე ინოვაციურია: ძირითად პერსონაჟებზე თხრობას ამდიდრებს ე. წ. სვეტებში წარმოდგენილი ცნობები მათი მეგობრებისა და ნათესავების შესახებ, რომლებიც, ამასთანავე, XIX საუკუნის საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები არიან. წიგნს ახლავს ვრცელი გენეალოგიური ტაბულა და საძიებლები.
წონა
ავტორი
ISBN