ამბროსი ხელაიას ქადაგებები

ამბროსი ხელაიას ქადაგებები

(ამოკრებილი)

აღწერა:

ქადაგებები თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა მღვდელ-მონაზონმა დემეტრე (კუბეცია) რედაქტორი - მღვდელი გიორგი მაჩურიშვილი წელი - 2025 წელი რედაქტორისგან - ჰომილეტიკა სასულიერო მწერლობის უძველესი ჟანრია და თავად ტერმინი `ჰომილეტიკა~ ქადაგების ეთიკას ნიშნავს. ჰომილია არის მოძღვრება-ქადაგება, რომელსაც სასულიერო პირი წარმოთქვამს სამწყსოს წინაშე. ახალ აღთქმაში მაცხოვრის შემდგომ, პირველი მქადაგებლები მოციქულები იყვნენ. მოციქულთაგან ქადაგების მადლი გადავიდა მათ მოწაფეებზე, შემდეგ მოწაფეთა მოწაფეებზე, მათ მიერ ხელდასხმულ მღვდელმთავრებზე, მღვდლებსა და დიაკვნებზე. თანდათანობით ჩამოყალიბდა შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ქადაგების ფორმა და შინაარსი, რა ხანგრძლივობა უფრო მისაღები იყო და ა. შ. ქადაგება ორი სახისაა: მისიონერული – განკუთვნილი ურწმუნოთათვის, და სამოძღვრო, მათთვის, ვინც უკვე ირწმუნა. ქადაგებათა საგანი შეიძლება იყოს დოგმატური, ისტორიული, ზნეობრივი, რომელიმე კონკრეტული წმინდანის განსადიდებელი და ა. შ. ეფრემ მცირის განმარტებით, ჰომილია „არს ზეპირად პირისპირ თქუმა", თუმცა მქადაგებელი წინასწარ ემზადებოდა ამ დღისთვის. ხშირ შემთხვევაში იგი წინა დღეს წერდა სათქმელს, ზოგჯერ კარნახობდა და აწერინებდა თავის მესენაკეს ან მდივანს. სწორედ, ამან განაპირობა, რომ ჩვენამდე მოაღწია და შემორჩა წმინდა და განმანათლებელი მამების მიერ მრავალი საუკუნის წინ წარმოთქმული არაერთი ჰომილია. მაგალითისთვის მოვიტანთ 1913 წელს დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის გამოცემულ წიგნში მოხმობილ ფაქტს, თუ როგორ ამზადებდა ქადაგებებს წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე: `ქადაგებას დილაობით სწერდა უფრო. ხშირად მწერალს აწერინებდა, თვითონ უკარნახებდა. ერთხელ ნათქვამს თუ გაამეორებინებდა, გაჯავრდებოდა. იოსებ ბუაძემ მითხრა: `ქადაგებებს მე მაწერინებდა. რომ დავჯდებოდი საწერად, დაავლებდა დიდ რეზინის ბურთს ხელს, ჯერ იატაკზე ურტყამდა, მერე კედელზე ესროდა და იჭერდა, თანაც მიკარნახებდა, რაც უნდა დამეწერა. ბოლოს როცა გავათავებდი წერას, მეტყოდა, წამიკითხე რა დაწერეო. ერთი ქადაგება ეხებოდა ღვთის უარყოფას. რომ მოისმინა, შეჩერდა, მერე ჩაყო თითი მელანში და ჯვარედინად წაუსო დაწერილ ფურცელს. მე მითხრა წადიო. მეორე დღეს სამაგალითოდ იქადაგა წირვის ბოლოს ამავე საგანზე~. იმავე წესით არის მომზადებული უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ქადაგებები. ისინი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მის პირად ფონდში. უწმინდესი ამბროსიც წინა დღეს, ან ორი-სამი დღით ადრე იწყებდა ქადაგების მომზადებას. ძირითადად, თავადვე წერდა, რისი თქმის საფუძველსაც გვაძლევს ქადაგების ბოლოში დართული მისივე მინაწერები. მაგ.: რომ ქადაგება დაუმთავრებელია, რომ არის – `საკუთარი~, ან `ჩემი 1/2~. ზოგიერთ ქადაგებაში ფანქრით, მისივე ხელით, გაკეთებულია გარკვეული შენიშვნები. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილი ქადაგებები წარმოთქმულია 1904-1920 წლებში, რადგანაც იგი ამ პერიოდში უმეტესად რუსეთში მსახურობდა, ამდენად დაწერილია რუსულ ენაზე. ხელნაწერთა არქივში ამბროსი ხელაიას ფონდში სულ დაცულია 339 ქადაგება-სიტყვა. ჩვენ მიერ მომზადებულ კრებულში წარმოდგენილია აღნიშნული ქადაგებების მესამედი. მომავალში იგეგმება მისი სრული გამოცემა. უწმინდესი ამბროსის ქადაგებების ღირსება ისაა, რომ ის წარმოთქმულია მარტივი და ყველასათვის გასაგები მდაბიო ენით. ასევე, მისი თვალსაჩინოება ისაა, რომ მქადაგებელი ეყრდნობა საღმრთო წერილის სიტყვებს, ხშირად იყენებს ციტატებს ბიბლიიდან, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმიდან. მართალია, უკანასკნელ ხანებში ქადაგებათა მრავალი კრებულია უკვე გამოცემული, მაგრამ, ვფიქრობთ, აღნიშნული ნაშრომი თავის მოკრძალებულ ადგილს დაიკავებს ჰომილეტიკურ კრებულთა შორის.

წონა

ISBN

1.117

978-9941-9960-4-7

1
112.00 ₾
პროდუქცია დაემატა წარმატებით

ყველაზე გაყიდვადი პროდუქცია