სერიის მთავარი რედაქტორი - ეთერ ქავთარაძე ტომის რედაქტორი - ვლადიმერ კეკელია გამოცემის წელი - 2022 წელი აღწერა - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვაჟა-ფშაველას არქივის მნიშვნელოვანი ნაწილია დაცული, ძირითადად ავტოგრაფები. ეს არქივი შექმნილია ცენტრის A, S, H და Q კოლექციებიდან გამოკრებილი მასალით 1958 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება ცალკე ხელნაწერთა ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ეს ის მასალაა, რომელიც თავის დროზე ინახებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ (S), საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებსა (H) და საეკლესიო მუზეუმში (A). ვაჟა-ფშაველას არქივს შემდეგ თანდათან ემატებოდა ახლად გამოვლენილი მასალა ცენტრის Q ფონდიდან. ამიტომ არქივი ორჯერ დამუშავდა. მესამე გადამუშავება საჭირო გახდა დამატებითი მასალის გამოვლენისა და სამეცნიერო აღწერილობის მეთოდების შეცვლა-დახვეწის გამო. ბოლო გადამუშავებისას რამდენიმე მექანიკურად შეერთებული ლექსთა კრებული ცალკე ერთეულებად დაიშალა. კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევის შედეგად, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, დათარიღდა რამდენიმე ლექსი (ახალი ნუმერაციით №27, №34, №52, №54). არქივის ამ ბოლო გადამუშავებამ ვაჟას შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველისათვის კიდევ ერთი საგანგებო ფაქტი გამოავლინა. ავტოგრაფულ ნუსხებზე (ახალი ნუმერაციით №25, №34, №156) მოთავსებულია გრაფიკული ჩანახატები. ძნელია ვაჟას ავტორობაში ეჭვის შეტანა, რადგან შესრულებულია ზედ ტექსტზე ტექსტისავე მელნითა და კალმით (იგულისხმება კალმის მონახაზის ზომა). გრაფიკული ჩანახატებიდან ოთხი მამაკაცის პორტრეტია, ერთი – ქალის ფიგურა ცხვრის თავით. ვაჟას არქივის ახალ კატალოგს ერთვის ძველი და ახალი კატალოგების ნომრების შემაჯერებელი ცხრილი. არქივი დაამუშავა და გამოსაცემად მოამზადა ეთერ ქავთარაძემ.
წონა
ISBN
ISSN
0.106
978-9941-9783-2-6
1987-5304